მერსი სულხანიშვილი: ქალისადმი ლტოლვა არ გამჩენია, თუმცა გამორიცხული არაფერია
“ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა სცე პატივი ადამიანს, რომელიც შენგან განსხვავებულია? მე პირადად, ძალიან ბევრი გეი მეგობარი მყავს. ძალიან მიყვარს ისინი. ვიცნობ ერთი სქესის წყვილებსაც. არსს ვერ ვწვდები, რატომ არ უნდა ვცემდე მათ პატივს? გეი ქორწინებასაც ვუჭერ მხარს”, – ასე პასუხობს ჟურნალისტი და ბლოგერი მერსი სულხანიშვილი კითხვას, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით.
მერსი სულხანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ლგბტ ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლი ძალიან ხშირად ხდებიან, რაც სამწუხარო რეალობაა. მერსის თქმით, სანამ თითოეული ინდივიდი არ შეეცდება საკუთარ თავი გაზარდოს, მანამ ცვლილებები არ მოხდება.
“საზოგადოებას, შეიძლება ითქვას, განათლების პრობლემა აქვს. ლგბტ საზოგადოება საქართველოშიც და მსოფლიოშიც, დღეს არ გაჩენილა, არც გუშინ და არც გუშინწინ. ისინი უძველესი საუკუნეებიდან მოდიან და იქნებიან. ლგბტ ადამიანები კი არა, პირიქით, ის ადამიანი მეცოდება, ვინც მათს დისკრიმინაციას ეწევა”, – ამბობს მერსი სულხანიშვილი და დასძენს, რომ პირადად მას ქალისადმი ლტოლვა ჯერჯერობით არ გასჩენია, თუმცა გამორიცხული არაფერია.
